უკან სახლში

ბოლო სმენა მოვილიე.

კარავში გავატარე ეს ერთი კვირა – ათ სხვადასხვა ხასიათის ადამიანთან.

ხუთი მათგანი პირველი ბრიგადის კომანდოს ბატალიონის წევრი იყო, სამიც ჩემი “ახალი” თანამშრომელი და ერთიც ძველი – სოხუმელი ბიჭი, რომელიც ან ისედაც ცოტა უცნაური დაიბადა, ან მის თვალწინ ჩავლილმა აფხაზეთის ომმა იმდენად მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ცოტა გაარეკინა.

მძიმე ხასიათის, შემაწუხებელი ქცევის და ლაპარაკის ინტონაციის ტიპი, უცნაური იუმორით, როცა იქით თუ გაეხუმრე ბავშვივით წყინს და იბუტება. ვინც დილას “ბოზების” და სომხების გინებით იწყებს და გაღვიძებული არაა, უკვე იზაფრება თავისივე ქცევით.

აბა როგორია ერთი, ციცქნა კარავში იცხოვრო ასეთ ადამიანთან, სიყვარულის ბუშტგამსკდარი რომ დამსდევს “ტი მოი ზალატოი” – მეგრულ-რუსულ კილოთი და ზედმეტ სიყვარულს შუბლზე კოცნით გამოხატავს.

ვერსად რომ ვერ გაერიდები, გარეთ ტრიალი მინდორია და ზაფხულის ცხელ მზეს რომ შეეფარო, ერთი ხეც კი არა დგას. ხოდა გინდა გალავანშემორტყმულ ციხეში იჯდე, გინდა მაგ კარავში, ერთი ჯანდაბაა, მაინც ვერსად გახვალ, სივრცეს გადაჭიმულს კილომეტრობით სად გაექცევი.

ხოდა ვიჯექით კარავში და ვუსმენდიოთ ერთი კვირა ერთი და იგივე ამბებს ცხრაასჯერ მოყოლილს, ბრიგადის ხალხი იცვლებოდა ყოველდღე, და ყოველ ახალ სმენას ახლიდან უწყებდა მოყოლას მის გაზვიადებულად გაბერილ თავგადასავლებს.

მე და ქავთარა ტანჯვით გადავხედავდით ერთმანეთს, ბიჯოს გასკდა თავი, კიდევ ხომ ყურსასმენით მუსიკის სმენის საშუალება მქონდა და ხანდახან ვეთიშებოდი იმ სამყაროს, თორემ გარეკვა არც მე ამცდებოდა..

ასეთი ერთი კვირა გავატარე, სხვა დეტალები უბრალოდ ამ წამს აღარ მახსენდება.